საქართველოში თიხის დამზადების ისტორიიდან – საკუთარი ნამუშევრების გამოფენამდე
კეტტარი აკადემიაში კურსი „შესავალი ეკრამიკის სამყაროში“ წარმატებით დასრულდა. ამჯერად, აკადემიის მენეჯმენტის გადაწყვეტილებით, შედგა თანამშრომლობა „ძალადობის ეროვნულ ქსელთან“ და პროგრამაში მონაწილეობა ძალადობა გამოვლილმა ქალებმა მიიღეს. როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნატო შავლაყაძემ საუბარში აღნიშნა, თავშესაფარში მცხოვრები ქალების სოციალიზაცია, მწვავე საკითხია.
რამდენად დიდია თავშესაფარში მყოფი ქალების სოციალიზაციის და დასაქმების პრობლემა?
პრობლემა საკმაოდ დიდია, დასაქმების სურვილის შემთხვევაშიც. ხშირად ხელის შემშლელი ფაქტორია სათანადო უნარების, ცოდნის უქონლობა, რაც დამსაქმებლის მხრიდან მოითხოვება. ხშირად ხდება ისიც, რომ მცირეწლოვანზე ან შშმ პირზე ზრუნვის ტვირთი აქვთ აქ ქალებს და ვინაიდან მათ არ ჰყავთ მხარდამჭერი, ვერ ახერხებენ გადამზადებისა და დასაქმების პროგრამებში ჩართვას. პრობლემა საკმაოდ დიდია.
რამდენად ეხმარება მათ მსგავსი კურსები?
მსგავსი კურსები დიდი მხარდაჭერაა ჩვენი ქალებისთვის და თუკი, გაუვლიათ მსგავსი კურსები, ყოველთვის კარგი შედეგის მომტანი ყოფილა. ძალიან ხშირად ასეთი კურსების შედეგად სამსახურიც უპოვნიათ შესაბამის სფეროში და დასაქმებულან.
როგორია გამოხმაურება კეტტარის ამ კურსთან დაკავშირებით და როგორ შეაფასებდით თქვენ პირადად?
ქალები თქვენი კურსით ძალიან კმაყოფილები არიან, ჩვენც დიდი მადლობა გადაგვიხადეს, ხაზგასმით აღნიშნავდნენ კარგ გარემოს და ყურადღებიან ორგანიზატორებს, მათ მიმართ გამოხატულ ყურადღებას… ძალიან გემადლიერებიან, მათთვის ეს ძალიან საინტერესო იყო.
მე ვთვლი, რომ ყოველთვის უნდა გვქონდეს საშუალება, თავშესაფარში ყოფნის პერიოდში , ყველას ინტერესების გათვალისწინებით შევთავაზოთ, მათზე მორგებული , სხვადასხვა სასწავლო პროგრამები, მნიშვნელოვანია მოვიპოვოთ, გვქონდეს ინფორმაცია ასეთი შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც კერძო სექტორი გვთავაზობს. დიდი მადლობა პირადად ჩემგან და თითოეული ჩვენი თანამშრომლისგან, მოცემული შესაძლებლობისთვის.
გაეროს ქალთა ორგანიზაცია, პროექტის ანალიტიკოსის, ელენე გაბელაიას თქმით, ძალადობა გამოვლილი ქალების ეკონომიკური გაძლიერება ქვეყნის ერთ-ერთი დიდი გამოწვევაა.
„ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში სხვადასხვა სექტორის თანამშრომლობას, განსაკუთრებით კი კერძო სექტორს, ძალიან დიდი როლი აქვს. ამ ბოლო დროს სულ უფრო და უფრო მეტი კომპანია თუ ორგანიზაცია ხედავს თავის როლს, რომ ხელი შეუწყოს ძალადობა გამოვლილი ქალების ეკონომიკურ გაძლიერებას. სწორედ ეკონომიკური დამოუკიდებლობა თამაშობს დიდ როლს, რომ მათ თავი დააღწიონ ძალადობას, მიიღონ განათლება, შეიძინონ კონკრეტული უნარები, დასაქმდნენ და ჰქონდეთ სტაბილური შემოსავალი. სწორედ კერძო სექტორი შეიძლება იყოს აქ ის მხარე, რომელიც არა მხოლოდ მხარს უჭერს ძალადობის პრევენციას, არამედ ქმნის რეალურ შესაძლებლობებს ძალადობა გამოვლილი ადამიანების ეკონომიკური გაძლიერებისთვის“, – განმარტავს ის.
კურსის სტუდენტმა, მანანა გიგაურმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ კურსი მისთვის საგანმანათლებლოს გარდა, წამახალისებელიც აღმოჩნდა.
„ძალიან კარგი გარემოა, საუკეთესო პედაგოგები არიან, ასწავლიან დიდი სიყვარულით და რაც მთავარია სწრაფად, ყველა კითხვაზე სრულფასოვანი პასუხები მივიღე, ყველა პირობა იყო შექმნილი, რომ ამ დარგში სასურველი ცოდნა შემეძინა და პრაქტიკა გამევლო. თიხის დამუშავების ყველა ეტაპის ტექნოლოგია ვისწავლეთ, აქ ყველა პირობაა შექმნილი ამისთვის, განსაკუთრებით მომეწონა ყალიბში ჩამოსხმა და მოხატვა, სხვა დანარჩენი ტექნიკებიც ძალიან საინტერესოა. მომეწონა აქ მუშაობის პროცესი და მასწავლებლების გულითადი და ყურადღებიანი ძალისხმევა ჩვენს მიმართ, რამაც უფრო წამახალისა. იმედი მაქვს ცოტა პრაქტიკის შემდეგ გავამართლებ აქ მიღებული ცოდნის საფუძველზე ჩემს იმედებს. ახლა უკვე შემიძლია ჩემი ფანტაზიები გავაცოცხლო თიხაში“.

