რელიგია, ზღაპარი თუ ბედის – წერა

16 დეკემბერი 2024

„მეტნაკლებად ყველას აქვს ცაში წასვლის სურვილი. პოეტები ვარსკვლავებს უმღერიან, ხეები ზეცას შეჰღაღადებენ, დამშეული მგლებიც ცას შეჰყმუიან. ყველას აქვს ზეცაში ამაღლების სურვილი.“

გოდერძი ჩოხელი

„ცასწავალა“.

არც მე ვარ გამონაკლისი. თვალის გახელისთანავე დავიწყე უხილავის ძიება. ამ ძიებამ, ჩემს ახლანდელ პროფესიამდე მიმიყვანა. მაგისტრატურა თეოლოგიის მიმართულებით დავამთავრე. ჯერ-ჯერობით ამაზე მშვენიერი არაფერი გამიკეთებია.
ამ პროფესიამდე, ჩემი ძიების გზა საკმაოდ შემოქმედებითი იყო. იყო პირველი თეოლოგიური ზღაპარი ვინგოპულო მირსინის – მე ქალაქიდან შენ ქალაქისკენ. ჩემზე უამრავ წიგნს მოუხდენია დადებითი შთაბჭდილება, მაგრამ ამ წიგნმა ადამიანური ბუნების სიღრმეში ჩამახედა. ეს წიგნი არის სიკეთეზე, პირადი ეგოიზმის დამარცხებაზე, ადამიანის ბუნების დადებით და უარყოფით მხარეებსა და მათ მეტამორფოზაზე. იყო „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი“. „მოანა“ – გოგონა, რომელიც არღვევს გარემოდან შემოთავაზებულ „წეს-ჩვეულებებს“, მიდის ხელოვნური ტრადიციების წინააღმდეგ და მიჰყვება გულს. ეძებს საკუთარ თავს და უსმენს სამყაროს. იყო „კუნგ-ფუ პანდა“, სადაც პანდას სურს კუნგ-ფუს ხელოვნებას დაეუფლოს და ამ გზაზე ის აღმოაჩენს, რომ იმ ჭეშმარიტებას რასაც ეძებს, არის მასში. იყო ჰენრიკ სენკევიჩის ისტორიული რომანი – „ვიდრე ხვალ“. რომანში მოქმედება იმპერატორ ნერონის ეპოქაში ვითარდება. ეს არის დიდი ისტორიული ცვლილების დრო, როცა რომში პირველი ქრისტიანები ჩნდებიან. რომანის მთავარ გმირი, რომელიც მარკუს ვინიციუსს უყვარდება, ქრისტიანი ქალი ლიგია და შეუძლებლის გაკეთებას ცდილობს მის გადასარჩენად. სენკევიჩი საოცარი ოსტატობით აღწერს რომის იმპერიის ყოველდღიურობას და შესანიშნავადაა გადმოცემული, ერთი მხრივ, საიმპერატორო კარის, კეისრის თავაშვებული ცხოვრება და მეორე მხრივ ქრისტიანთა უბრალო, რწმენითა და იმედით სავსე ყოფა, თავგანწირვა და სიყვარული. კიდევ, უამრავი ზღაპარი, წიგნი, ადამინები. ერთ-ერთი ბოლო ფრანსუა მორიაკის წიგნი „ქრისტეს ცხოვრება“ გახლდათ.” მე სამყარო ჩემს ენაზე მესაუბრებოდა. მე კი ჩემს სალაპარაკო ენას ვეძებდი.

რა არის ღვთისმეტყველება? როგორ განსაზღვრავს მეცნიერება მას და როგორ ხედავენ ეკლესიის მამები ამ ამოცანას?
წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: ღვთისმეტყველებდეთ „მეთევზეებისა და არა არისტოტელეს ენით“, რასაც ვეთანხმები.
კალისტოს უეარი წერს – ერთი მხრივ ეს არის მოძღვრება ღმერთის, ადამიანის, არსის,ყოფის შესახებ, რასაც გულისხმობს თეიზმი. ხოლო, წმინდა მამებისთვის ღვთისმეტყველება, გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე დისციპლინა. ცხადია, იგი ადამიანური გონების გამოყენებით ქრისტიანული სწავლების მოწესრიგებულ გადმოცემას გულისხმობს, მაგრამ მათთვის ღვთისმეტყველება, აგრეთვე, აღნიშნავდა ღვთის შეცნობას, სადაც მონაწილეობს არა მხოლოდ გონება, არამედ მთლიანი პიროვნება, ინტუიციური, სულიერი აღქმა და გული.
ქრისტეს მიერ გამორჩეული თორმეტი მოციქულიდან განათლება საღვთისმეტყველო სკოლაში არც ერთს მიუღია. თუ ამას გავყვებით ღვთისმეტყველება არის არა „სამყაროს თეორია ან მეტაფიზიკური სისტემა“ არამედ გამოთქმა და ფორმულირება სულიერი გამოცდილების. არა ინტელექტუალური დისციპლინა, არამედ გამოცდილებისმიერი მონაწილეობა, ურთიერთობა შემოქმედთან. ღმერთი არასდროს არის ცოდნის პასიური ობიექტი, ის ყოველთვის აქტიური სუბიექტია.

როგორც ნოდარ დუმბაძე ამბობს:“ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე”.

ბიბლია სავსეა იგავ-არეკებით და ალეგორიებით. იგავებისა და ალგორიების მიზანია ჩავარდე ფიქრში, ჩახვიდე გულის სიღრმეში, იაზროვნო. ავტომატურად კი არ მიიღო შემოთავაზებული ნათქვამი, არამედ შენ უნდა აღმოაჩინო ამ ტექსტის ნამდვილობა, შენ უნდა დაბადო შენს გულსა თუ გონებაში. მე პასუხებს ვიღებდი წმინდა წერილებიდან, ლიტერატურიდან, ზღაპრებიდან. აქედან გამომდინარე გადავწყვიტე დამეწყო თეოლოგიური ზღაპრების წერა, ისეთი დიდი „ღვთისმეტყველებისთვის“, როგორებიც არიან ბავშვები, ყველაზე დიდი მაძიებლები.

„ნეტარ არიან წმინდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ“ (მათე, 5,8). ბავშვის გული ყველაზე კარგად ცნობს ნამდვილს და ავთენტურს. „და თქვა: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ მოიქცევით და არ იქნებით, როგორც ბავშვები, ვერ შეხვალთ ცათა სასუფეველში.“ (მათე 18:3).

თეოლოგიური შინაარსის ზღაპარი სჭირდება რელიგიასაც და ხელოვნებასაც. ზღაპარი,როგორც ლიტერატურის დარგი პოეტური გამონაგონი, ფანტასტიკურ ამბავზე აგებული თხრობითი ნაწარმოებია, რომელიც დაკავშირებულია სინამდვილესთან იდეით, თემატიკით, მოტივებით, სიუჟეტით, ენობრივი თავისებურებით, ეროვნული თემებით.

ზღაპარი არის ფოლკლორული და ლიტერატურული. ფოლკლორული ხალხური ზღაპარია. ანონიმურია, არ ჰყავს ავტორი. ლიტერატურულს ჰყავს კონკრეტული ავტორი. ზღაპრის გმირი სულ უფრო მეტი ინდივიდუალობის ნიშნებს ატარებს. ჯადოსნური თუ სასწაულებრივი ძალების მაგიურ გმირს საკუთარი მოსაზრება და ხერხი შველის კრიტიკულ მოენტებში. ეს ბავშვს/მოზარდს ეხმარება იდენტობის ჩამოყალიბებაში, განიცადოს ,რომ ის ერთადერთი და განუმეორებელია. აქვს ძალა სიკეთით ბოროტებაზე გამარჯვების. ზღაპარი ერთ-ერთი დიდი საშუალებაა სამყაროსეული ძალების შემეცნების.
მწერლობა დიდი პასუხიმგებლობაა მკითხველის წინაშე. ვალდებული ხარ გაუფრთხილდე და იზრუნო მათ შინაგან, თუ ინტელექტუალურ სამყაროზე. კეტარის აკადემიაში ვისწავლე, როგორც ტექნიკური მხარის გამართვა, ისე შინაარსობრივი მხარის აგება. ეს კურსი დამეხმარა ჩამეხედა მწერალთა დიდ სამყაროში და საშუალება მომეცა მეც მათი ნაწილი გავმხდარიყავი. განსაკუთრებით ზღაპრის წერის მიმართულებით.

“ადამიანია ის, ვინც გაიზარდა და ბავშვი დარჩა”- ერიხ კესტნერი.

თუ მოგწონს, ან გინდა წერო ზღაპარი, უსაზღვროდ უნდა გიყვარდეს ბავშვები,უსაზღვროდ უნდა გიყვარდეს ზღაპრები და თავად უნდა იყო ბავშვი.

 

ანი ონიანი