პროფესიული პროგრამიდან დილის ფილოსოფია Morning Groove-მდე

2 ივნისი 2025

Morning Groove – შემოქმედებითი პროექტია, რომელიც კეტტარი აკადემიის აკრედიტირებული პროგრამის მიმდინარეობისას სტუდენტმა, ლუკა ჯაფარიძემ შექმნა. თავად ლუკას თქმით, ის ეცადა გადმოეცა დილის, როგორც დღის დაწყების რიტუალის თავისეული ხედვა. როგორ იბადება, ხორციელდება და მიმდინარეობს პროექტი, თავად ავტორი გვესუაბრა.

როგორ აღმოჩნდით შემოქმედებით ინდუსტრიაში?

– შემოქმედება ჩემთვის ბავშვობიდან იყო ბუნებრივი ენა — ემოციების გამოხატვის, რეალობის გარდაქმნის და ადამიანებთან კავშირის ერთგვარი ხიდი. მიუხედავად იმისა, რომ თავიდან ჩემი გზა სხვა მიმართულებით დაიწყო, ყოველთვის ვგრძნობდი, რომ რაღაც “სხვა” მელოდებოდა — სივრცე, სადაც მუსიკა, ვიზუალი და ადამიანური ემოცია ერთად იარსებებდა. ასე, ცხოვრების ეტაპობრივ ძიებაში, ნაბიჯ-ნაბიჯ მოვხვდი იქ, სადაც ჩემი იდეები თავს სავსედ გრძნობენ — შემოქმედებით ინდუსტრიაში.

როგორ დაიბადა Morning Groove?

– Morning Groove – ეს იყო სურვილი, მოგვეცა დილას ახალი გემო და ფორმა. ისეთი დღე დაგვეწყო, რომელიც ჯერ მუსიკით, შემდეგ საუზმით და ბოლოს — სილამაზითა და სიმშვიდით დაგვმუხტავდა. პროექტის არსი სწორედ აქედან იწყება — დილა, როგორც დღეისეული რიტუალის საწყისი და ერთდროულად, თავშესაფარი. როდესაც იდეამ ფორმა მიიღო, მივხვდი, რომ მჭირდებოდა სივრცე, სადაც ამ ყველაფერს სისტემატური მენეჯმენტისა და სტრატეგიული განვითარების საფუძველზე დავაყენებდი. კეტტარი აკადემია აღმოჩნდა სწორედ ეს ადგილი — ადგილი, სადაც იდეამ ფორმა მიიღო და პროექტად გარდაიქმნა.

როგორ დაგეხმარათ კეტტარი აკადემია Morning Groove-ის შექმნაში?

– კეტტარი აკადემია იყო პლატფორმა, რომელმაც შემოქმედებით იდეას ხელი მოკიდა და საქმიანი ხედვით დაასკვნა. აქ ვისწავლე არა მხოლოდ ის, როგორ უნდა შევქმნა ემოციური პროექტი, არამედ როგორ გავხადო ის მდგრადი, მომგებიანი და პროფესიონალურად წარსადგენი. კურსმა მასწავლა იდეის შეფუთვა — ბრენდინგიდან ფინანსურ მოდელამდე. ამას გარდა, კეტტარი აკადემია იყო ადამიანური კავშირების სივრცეც, სადაც დღეს ჩემი ბევრი პარტნიორი და თანაგუნდელი გავიცანი.

იყო თუ არა სირთულეები ან მოულოდნელობები?

– რა თქმა უნდა. რეალობა სულ სხვა რამეა — როცა იდეას პირველად ახმოვანებ, ზოგჯერ მხოლოდ შენ გჯერა მისი. ტექნიკური საკითხები, ბიუჯეტის არქონა, აპარატურის მოძიება, ლოკაციების შეთანხმება — ყველაფერი რთული აღმოჩნდა. მაგრამ მოულოდნელი იყო ის, რამდენად სუფთად და მძაფრად მიიღეს ადამიანები ეს გამოცდილება. თვალები რომ უბრწყინავთ დილის მზის ქვეშ, ფონად მუსიკა და ხელში ყავა უჭირავთ — ეს იყო იმაზე დიდი ჯილდო, ვიდრე ველოდი.

რას შეიძლება ველოდოთ მომავალში Morning Groove-ისგან?

– ჩვენი მიზანია Morning Groove იქცეს მობილურ პლატფორმად — გადავინაცვლოთ რეგიონებში, მთებში, სოფლებში, ვიპოვოთ უცნობი ტერასები, ლოკალური ბრენდები და იქ შევქმნათ ახალი განწყობები. ასევე ვგეგმავთ მეტი თანამშრომლობა სასტუმროებთან, ღვინის სახლებთან, ტურისტულ ლოკაციებთან — რაც შოუს ორგანულად და ახლობლად აქცევს ადგილობრივ საზოგადოებასთან. გარდა ამისა, ვიდეოს ფორმატი გაიზრდება — დაემატება სტუმრები, კულინარიული ელემენტები, შესაძლოა ლაივ ჩაწერები და მინი დოკუმენტური სერიებიც. Morning Groove — ეს იქნება არა მხოლოდ შოუ, არამედ დილის ფილოსოფია.