ლექსის წერის საიდუმლო

26 მაისი 2024

მე პოეტი ვარ. მე დამკვირვებელი ვარ. ჩემი თვალები და ყურები უფსკრულებივით ღრმა და უძიროა, რომ შეძლონ სამყაროს დატევა. აქედან იწყება პროცესი, აქედან იწყება დუღილი, რომელიც გზაა სტრიქონის, სტროფის, თუ ლექსის შექმნამდე.

მუზები დიდი ხანია დუმან. სამყაროში სადაც საიდუმლო აღარაფერი დარჩა, მუზების მითიურობასაც მიაშუქა და იქ არაფერი დახვდა. არაფერი, რადგან ეს ნიღაბივით ეფარებოდა პოეზიის სახეს და ამოუცნობს ხდიდა შექმნის პროცესს. პოეტი ამგვარად თითქოს დისტანცირდებოდა მასისგან, თითქოს ელოდა წამს, საკრალურ მომენტს, როცა ცეცხლის გარდამოსვლასავით, მასზე გადმოვიდოდა ლექსი.ლამაზი ამბავია, მაგრამ ასე არ არის. მეტიც, ხშირად ლექსი პრაგმატულადაც, ერთგვარი ფორმულითაც კი შეიძლება დაიწეროს. ედგარ ალან პოს პოემა-შედევრი  “ყორანი”, რომლის რამდენიმე ქართული თარგმანიც გვაქვს, სწორედ წინასწარ შედგენილი ერთგვარი ფორმულით დაიწერა. ამის შესახებ, თავად პო მეგობარს წერილში მოუთხრობს. მას წინასწარვე ჰქონდა განზრახული ფრინველის გამოყენება, რომელიც ადამიანის ხმას გაიმეორებდა. თავდაპირველი ვერსიით, სურდა თუთიყუში ყოფილიყო, მაგრამ ყველასთვის საბედნიეროდ არჩევანი ყორანზე შეაჩერა.

ის, რასაც ლექსამდე მიყავხარ, არა წამიერი განათება, არამედ შენ მიერ მოგროვებული სამყაროს, თუ საფიქრალის დუღილის შედეგია.

ლექსის დაბადება საოცრად ჰგავს ღვინის დაყენების პროცესს. სამყაროს, რომლითაც ვივსებით, ვსრესთ, ვწნეხავთ ჩვენში, რომელსაც ვადენთ წვენს და ველოდებით. გვესმის როგორ დუღს, ვგრძნობთ, როგორ დგება დაღვინების, ღვინოდ ქცევის საოცარი მომენტი. რა გასაკვირია, რომ ლექსიც, ისევე როგორც ღვინოც დროსთან ერთად უკეთესი ხდება. ამის მაგალითად მხოლოდ შოთა რუსთაველის “ვეფხისტყაოსანიც” საკმარისი იქნება.

ბევრი აზრია იმასთან დაკავშირებით, რა ეტაპის თუ მოვლენის შემდეგ ხდება ადამიანი პოეტი, როდის ან როგორ ენიჭება ეს სტატუსი. მარინა ცვეტაევა თავის ერთ-ერთ ლექსში ამბობს:

“Моим стихам, написанным так рано,

Что и не знала я, что я — поэт”

ამ სტრიქონებიდან ვიგებთ, რომ ადამიანი პოეტის სახელის დარქმევამდე შეიძლება იყოს პოეტი, რადგან სტატუსზე მეტად და ლექსის წერაზე მეტადაც კი, იყო პოეტი ნიშნავს უსმენდე, აღიქვამდე, ხედავდე სამყაროს და მას შენი უნიკალურობით გამოხატავდე.

არ მახსოვს როდის, ან საერთოდ როგორ მოხდა საკუთარი თავის პოეტად აღქმა, მაგრამ შეიძლება ეს ყოფილიიყო ხილული შიში, როდესაც პირველად წავიკითხე პაოლო იაშვილის სტრიქონები:

“გაგიჟება სჯობს თუ გათავდა სიტყვის მადანი

და თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები”

რა თქმა უნდა ზოგმა ეს შეიძლება უბრალოდ გაზვიადებულ ნათქვამად ჩათვალოს, რადგან ჩვენს ყოველდღიურობაში ხშირად გვითქვამს მსგავსი წინადადებები, მაგრამ ასეთი საშიში არცერთი სტრიქონი არ ყოფილა ჩემთვის. ალბათ ყველა პოეტს განუცდია სიტყვის მადანის ამოწურვის, თუ ლექსის წერის ვეღარ გაგრძელებების შიში. ალბათ, სწორედ ეს მომენტი იყო, როდესაც მივხვდი, რომ ლექსით ვარსებობდი და სხვაგვარად არ შემეძლო.

ყოველდღიურ საზრუნავში და საფიქრალში დამარხულებს შეიძლება გამოგვრჩეს იმ დღის უნიკალურობის ნიშანი და ერთფეროვნების ზვინში ნემსივით ჩაგვეკარგოს. სწორედ აქ უნდა გაფრთხილდე, დაუდარაჯდე დღეს და ღამეს, ხმაურს და სიჩუმეს, რომ გამოადნო ის, რასაც შემდეგ ლექსად აქცევ. თუმცა, ლექსად ქცევამდე, არის უამრავი დახოცილი სიტყვა შენს ფურცელზე, საგულდაგულოდ გადახაზული, დაწუნებული რითმები, დაჭმუჭნული ქაღალდები შენს გარშემო. ეს არის მუდმივი პროცესი, დაუსრულებელი ციკლი, რომელშიც მრავლად არის სიკვდილი, აღდგომა და სიცოცხლე.

მე სიჩუმეში ვწერ. მარტო ყოფნისას. რაიმე განსაკუთრებული რიტუალი არ მაქვს. ხშირად ტრადიციულ ქაღალდს, ვორდის ფაილით ვცვლი, თითქოს კურსორის ციმციმი მიბიძგებს, რომ არ გავჩერდე და რაღაც დავწერო. ხშირად წერა აუცილებელია, ის უნდა გახდეს შენი ყოველდღიურობის ნაწილი. ეს ჩვევა ჯერ კიდევ გამოსამუშავებელი მაქვს. დიდწილად ეს იყო მიზეზი, რის გამოც კეტტარის მიერ ორგანიზებული ტექსტის წერის კურსი გავიარე, რომელსაც პოეტი და მწერალი შოთა იათაშვილი უძღვებოდა. კურსის მსვლელობისას კიდევ უფრო მკაფიოდ დავინახე, ყოველდღიურად წერის აუცილებლობა. ასევე, შეუძლებელია ნებისმიერი სახის შემოქმედება, სხვების ნაშრომების გაცნობის გარეშე. წარმოუდგენელია წერდე კარგად, თუ არ კითხულობ და  არ ეცნობი შენი სფეროს გამორჩეული სახელების შემოქმედებას. ეს ერთგვარად გიყალიბებს გემოვნებას. ცხადია, გავლენის ალბათობა ყოველთვის არსებობს, მაგრამ როდესაც ბევრს ეცნობი, როცა გავლენები ერთმანეთში ირევა, სწორედ ამ “ქაოსში” პოულობ შენს დინებას, ავთენტურს, საკუთარს, რომელსაც მიყვები.

ლექსის დასრულების, საბოლოო წერტილის დასმის, საკუთარი შინაგანი კრიტიკული ტესტის გავლის შემდეგ, გადარჩენილი ლექსი, არის ხორცშესხმული ბედნიერება, საკუთარი ხმით, გულისცემის რიტმით და სხეულით.

“თუ პოეტი ხარ, ყველაფერი მაგარი გქონდეს”

გიორგი კუჭუხიძე – პოეტი, ქოფირაიტერი